თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ქართულ-ფრანგული პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებმა — ბიჭიკო გულარაშვილმა, ნიკოლოზ ბურდულმა და თამარ ბარძიმაძემ — საფრანგეთში, პარიზ-საკლეს უნივერსიტეტისა და ევრი ვალ დ’ესონის უნივერსიტეტის IBISC (ინფორმატიკა, ბიოინფორმატიკა, კომპლექსური სისტემები) კვლევით ლაბორატორიაში, წარმატებით განახორციელეს და წარადგინეს პროექტი FaceConnect.
თსუ ქართულ-ფრანგული პროგრამის საბაკალავრო პროგრამის ბოლო წელს ფრანგი პროფესორები ჩამოდიან თსუ-ში და კითხულობენ ლექციებს. ხშირად სტუდენტებიც მიემგზავრებიან ევრის უნივერსიტეტში სემესტრის განმავლობაში და ამ პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იღებენ ორმაგ დიპლომს: თსუ-ს ბაკალავრის დიპლომს “კომპიუტერული მეცნიერება” და ევრის უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს, სპეციალობით -”ინფორმატიკა”.
ქართველმა სტუდენტებმა პროექტ FaceConnect-ის ფარგლებში შექმნეს ბიომეტრიულ ამოცნობაზე დაფუძნებული ერთიანი სისტემა, რომელიც მომხმარებელს სახის ამოცნობის საშუალებით სხვადასხვა „ჭკვიანი“ მოწყობილობის, მათ შორის ელექტრონული საკეტისა და განათების, უსაფრთხოდ მართვის შესაძლებლობას აძლევს. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო საიმედო ტექნოლოგიური გარემოს შექმნა და მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვა. სტუდენტების მუშაობას ხელმძღვანელობდა ნაზიმ აგულმინი, პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის პროფესორი.
როგორც პროექტის მონაწილე თამარ ბარძიმაძე განმარტავს, „უსაფრთხო და დაცული „ჭკვიანი“ მოწყობილობების სისტემა FaceConnect წარმოადგენს ბიომეტრიული ავთენტიფიკაციისა და დაკავშირებული მოწყობილობების მართვის ერთიან სისტემას. პროექტის მიზანი ისეთი უსაფრთხო ტექნოლოგიური გარემოს შექმნა იყო, რომელშიც მომხმარებელს სახის ამოცნობის საშუალებით შეუძლია სხვადასხვა „ჭკვიანი“ მოწყობილობის მართვა. სისტემის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა პერსონალური მონაცემების უკეთ დაცვაა. სახის ამოცნობა და მომხმარებლის იდენტიფიცირება უშუალოდ მის მობილურ ტელეფონში ხორციელდება. შესაბამისად, ბიომეტრიული მონაცემები არც ინტერნეტით იგზავნება და არც გარე სერვერზე ან „ღრუბლოვან“ საცავში ინახება.
პროექტის ფარგლებში შექმნილი კომპონენტები სტუდენტებმა შეიმუშავეს და ერთ სისტემაში სამ ძირითად კომპონენტად გააერთიანეს: მობილური აპლიკაცია — Android-ისთვის შექმნილი აპლიკაცია რეალურ დროში ამოიცნობს მომხმარებლის სახეს. უსაფრთხოების გასაძლიერებლად სისტემაში გამოყენებულია თვალის დახამხამების შემოწმების ფუნქციაც, რაც ხელს უშლის აპლიკაციის ფოტოს ან ვიდეოჩანაწერის გამოყენებით მოტყუებას.
ცენტრალური მართვის მოწყობილობა, Raspberry Pi-ის ბაზაზე შექმნილი ცენტრალური სისტემა იღებს მობილური აპლიკაციიდან მოთხოვნებს, ამოწმებს მომხმარებლის უფლებამოსილებას და შესაბამის ბრძანებებს უგზავნის დაკავშირებულ მოწყობილობებს“.
„ჭკვიანი“ მოწყობილობების პროტოტიპები — სტუდენტებმა შექმნეს ორი მოქმედი პროტოტიპი: „ჭკვიანი“ საკეტი, რომლის გახსნა და ჩაკეტვა მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი; „ჭკვიანი“ განათების სისტემა, რომლის ჩართვა და გამორთვაც დისტანციურად ხორციელდება. მოწყობილობებს აქვთ ინდივიდუალური ავტორიზაციის მონაცემები და დაცული საკომუნიკაციო არხი. კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად გადადის უსაფრთხო რეჟიმში. სისტემის სრულფასოვანი ტესტირებისთვის ფიზიკური მოწყობილობების აწყობის პარალელურად, გუნდმა შექმნა ვირტუალური სიმულატორებიც. მათი საშუალებით სტუდენტებმა წინასწარ შეამოწმეს მობილური აპლიკაციის, ცენტრალური მართვის სისტემისა და „ჭკვიანი“ მოწყობილობების ურთიერთქმედება. სიმულაციამ შესაძლებელი გახადა სისტემის ყველა ეტაპის ტესტირება — მომხმარებლის ამოცნობიდან და ავტორიზაციიდან მოწყობილობისთვის ბრძანების მიწოდებამდე. პროექტზე მუშაობა თანამედროვე გუნდური მეთოდოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობდა. სტუდენტები სამუშაო ამოცანებს ეტაპობრივად ანაწილებდნენ, ხოლო პროგრამული კოდის ერთობლივი განვითარებისათვის GitHub-ის პლატფორმას იყენებდნენ.
„პროფესორ ნაზიმთან ერთად ამ პროექტზე მუშაობამ გუნდის თითოეულ წევრს უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება მოგვცა. პროექტის განხორციელების პროცესში წარმატებით იქნა ათვისებული, როგორც უახლესი ბიომეტრიული ტექნოლოგიები, ისე კომპლექსური ნივთების ინტერნეტის (IoT) კომუნიკაციის სტანდარტები. მიღებული თეორიული ცოდნა და საინჟინრო პრაქტიკა მყარ საფუძველს ქმნის ჩვენი შემდგომი პროფესიული და აკადემიური განვითარებისთვის.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ IBISC ლაბორატორიას, University of Evry-ს და თსუ-ს ამ შესაძლებლობისა და მსგავსი საერთაშორისო პროგრამების არსებობისთვის,“ - აცხადებს პროექტზე მომუშავე თსუ სტუდენტების გუნდი.